პოლიტიკა

გვარამია საკონსტიტუციოში: 36 წლის შემდეგ იქ მივდივართ, საიდანაც გამსახურდიამ ამოგვათრია

გვარამია საკონსტიტუციოში: 36 წლის შემდეგ იქ მივდივართ, საიდანაც გამსახურდიამ ამოგვათრია

კოალიცია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის პროცესზე განაცხადა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36-ე წლისთავზე მრავალპარტიულობის გაუქმების განხილვას არასდროს ელოდა. მისივე სიტყვებით: „არასდროს მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36-ე წლისთავზე სრული სერიოზულობით და მაღალი რისკის დაკმაყოფილებით საქართველოში მრავალპარტიულობის გაუქმებას განვიხილავდით“.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მასში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, გაიმარჯვა კი ოპოზიციური პარტიების ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“.

გვარამიამ თქვა, რომ ეს დღე მისთვის ძალიან ღირსსახსოვარია. მისი თქმით, იგი დისიდენტის ოჯახში, სოხუმში დაიბადა და განსაკუთრებით კარგად ახსოვს ამ დღის მოლოდინი. გვარამიას შეფასებით, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მოვლენა საქართველოს მრავალპარტიული არჩევნები იყო, ხოლო დამოუკიდებლობა ამისა და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგია.

მან გაიხსენა ზვიად გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 28 ოქტომბერს: „ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო! გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, უარი უთხრა რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას!“

გვარამიამ აღნიშნა, რომ 36 წლის შემდეგ პროცესი „ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე და სამწუხაროდ, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით გამოვედით“.

მისი თქმით, პესიმისტურად განწყობილი არ არის და სჯერა ქვეყნის გამარჯვებისა და ევროინტეგრაციის. ამავე დროს, ხაზი გაუსვა კატასტროფას, რომლის წინაშეც საქართველო რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, მისი თქმით, ამ დარბაზში მყოფებმაც დააყენა. გვარამიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მოთხოვნილი გადაწყვეტილებით, როგორც პოლიტიკოსი, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. მისივე თქმით, სარჩელს ხელს კი ისინი აწერენ, ვინც კანონიერი ხელისუფლება იარაღით გადააგდო.

გვარამიამ დასძინა, რომ ამ სარჩელით უქმდებიან დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები, ვინც ცოცხალია: რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, აკაკი ბობოხიძე და ზვიად ძიძიგური. მისი განცხადებით, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა ეროვნულ მოძრაობას დაამარცხებს და 36 წლის შემდეგ ქვეყანაში „კომუნისტური რევანში“ შედგება. გვარამიამ თქვა, რომ იმედი აქვს, სასამართლო ამას არ დაუშვებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ