პოლიტიკა

ფარულავა: აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს

ლაშა ფარულავა - აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს, თან ამას როცა აკეთებს, არაფერს უპირისპირებს, არც საზოგადოებრივ კამპანიას ან ინიციატივას,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი გაძლიერდება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ფარულავამ განაცხადა, რომ ლუდომანია ახალგაზრდებში ეგზისტენციალური და სასიცოცხლო პრობლემაა. მისი თქმით, ის ეთანხმება საპატრიარქოს და იცის, რომ შიო მესამე იყო ჩართული იმაში, რომ ლუდომანიის წინააღმდეგ რაღაც ეფექტიანი რეგულირება მომხდარიყო. ფარულავა ამბობს, რომ ეკლესიას დიდი როლი აქვს, მისი ჩართულობა ეფექტიანი იქნება და მას სრულად უჭერს მხარს.

ფარულავამ განაცხადა: „აზარტული ბიზნესი წამყვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებს, თან ამას როცა აკეთებს, არაფერს უპირისპირებს, არც საზოგადოებრივ კამპანიას ან ინიციატივას, რადგან ეს მათი ბიზნესია“. მისი თქმით, შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურს ტოტალიზატორისა და კაზინოს ბიზნესი აქვს, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამხელდა.

ოპოზიციონერის შეფასებით, ხელისუფლების მიდგომა კატასტროფაა. მისი განცხადებით, ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო რომ არსებობდეს, ყველაფერი გაირკვეოდა, თუმცა გამოძიებაზე საუბარი აზრს კარგავს, როცა საკანონმდებლო ორგანო „ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსია“.

ფარულავას თქმით, სპორტი სათამაშო ბიზნესს დაექვემდებარა: სტადიონს ტოტალიზატორის სახელს არქმევენ, „რიყის დოქები“ კი დაანგრიეს და იქ კაზინოს აშენებენ. მისივე განცხადებით, სიონის ტაძრის გვერდით ტოტალიზატორი წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა და ეს არ მოსწონს, თუმცა უკანონობად არ მიაჩნია: შენობა ვიღაცამ შეიძინა და კაზინო გახსნა, კანონი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია.

ფარულავამ ასევე აღნიშნა, რომ სპორტი, განსაკუთრებით ეროვნული ჩემპიონატი, მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, პარლამენტში მჯდომი სპორტსმენები ქართული ფეხბურთის გადარჩენაზე არ ზრუნავენ და ერთ დღეში სათამაშო ბიზნესს უწყობენ ხელს. ფარულავა მმართველ გუნდს ეკითხება, რატომ არ რეაგირებს იმაზე, რომ საპატრიარქო ამას არასწორს უწოდებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ