ჭეიშვილი: ოპოზიციამ ასობით და ათასობით თანამოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა

„ქართული ოცნების“ წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დარტყმის ქვეშ დააყენეს და ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები გამოიყენეს.
მისი თქმით, მოპასუხე მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა იმ პირებისთვის, რომელთა პირადი ისტორიები და ტრაგედიები საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული.
ჭეიშვილის განცხადებით: „იყო მცდელობა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იქნა აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია და ამით კიდევ ერთხელ შეეცადნენ ეს ადამიანები, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ იმ ჩვენი ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა ისტორიები, რომელთა პირადი ტრაგედიები არის აღბეჭდილი სწორედ და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე“.
მან დღევანდელი სხდომის შეჯამებაც გააკეთა და თქვა, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, დეტალურად ამხილონ თითოეული ტყუილი და დეზინფორმაციული ხასიათის გზავნილი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში გაჟღერდა.











