სააკაშვილი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ახლა ქვეყანა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას და რეიტინგების თვლის დრო არ არის.
სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, რადგან ეს მათ მომხრეებს არ სურთ და ამბობენ, რომ მიშა ერთიანობის ჩამშლელია“.
მისი განცხადებით, ლიეტუვაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი მასთან გაერთიანებაა.
სააკაშვილი წერს, რომ ოპოზიციამ თვალი უნდა გაახილოს და მიხვდეს, რომ მასთან დაპირისპირების გამო მომხრე აღარავინ შერჩა, გარდა „ვიწრო კუტოკებისა“. მისი თქმით, ის მთელი ამ წლების განმავლობაში „მოდი გავერთიანდეთ“ ლოზუნგით დადის, ოპოზიცია კი გაურბის და მთავარ პრობლემად ივანიშვილის ნაცვლად მას ხედავს.
„ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“, - წერს სააკაშვილი.











