პოლიტიკა

ბოკერია: ელჩების ინტერესი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით მოულოდნელი არ არის

ბოკერია: ელჩების ინტერესი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით მოულოდნელი არ არის

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით, როცა „ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ“ და მოქალაქეებს პოლიტიკურ არჩევანს უკრძალავს.

ბოკერიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ ის, რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი. მისი განმარტებით, რეჟიმს სურს, გააგრძელოს გამდიდრება საქართველოს მომავლისა და ყველა მოქალაქის შვილების მომავლის ხარჯზე და შეინარჩუნოს ძალაუფლება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ.

მისი შეფასებით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკური პარტიების ამბავი არ არის. ბოკერიას განცხადებით, ეს არის არჩევანისა და მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო უნდობლობის ამბავი.

ბოკერიამ თქვა, რომ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის ხედავს, როცა თავისუფალი საზოგადოება საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად ნაბიჯებს დგამს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ასე ყოველთვის იქნება. მისივე თქმით, ეროვნულ ინტერესშია, რომ ქვეყანა არ იყოს ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორიც რუსეთი და აიათოლების ირანია.

ბოკერიამ შეაფასა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რომელშიც უწყებამ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ჩარევა და აგრესია არ არის ის, რასაც საქართველოს მტრები აკეთებენ. ბოკერიას განცხადებით, რუსეთსა და აიათოლების რეჟიმს ისინი საფრთხედ არ აღიქვამენ, რადგან მათ ბუნებრივ მოკავშირეებად თვლიან და სწორედ ამ კონფიგურაციაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ