კურტანიძე: ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა, რომ ეამაყება ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლობა. ის ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ესაუბრა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის განხილვას ესწრებოდა.
კურტანიძის თქმით: „სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც ირაკლისთან ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“, 2012 წლიდან თითოეული თანამებრძოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს, საქართველოში სიმშვიდეა. თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.
„თანამებრძოლი გყოლიათ? თუ თანამებრძოლს სტკივა, ყველა თანამებრძოლს სტკივა, რა არის აქ გასაკვირი? ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. როცა მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები“.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენებით, შესყიდვების, გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, დანარჩენი 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ეს გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.











