კალაძე: ევროპაში მიმდინარე აქციებზე საკუთარ ქვეყანაში იმ უბედურებას ხედავენ, რაც საქართველოში მოაწყვეს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები „აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან“, ხოლო საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში.
კალაძემ თქვა, რომ ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, ახლა საკუთარ ქვეყნებში ხდება და ამ პროცესებს თავად ხედავენ. მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა და დაფინანსება ხდებოდა.
„ის, პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლები - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება, სიტყვიერად თუ მესიჯებით წახალისება, გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების პრემიერები, დაგმობაზე საუბარი ზედმეტია, პირდაპირ აქციებზე მიდიოდნენ და გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს სრული კატასტროფაა.
ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, მათი დაფინანსებით ხდებოდა, შემთხვევითი პროცესები არ იყო. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, რა პროცესები მიდის. ძალადობა მიუღებელია და რასაც კადრებში ვხედავთ წარმოუდგენელია. იგივე ხდებოდა საქართველოში გახსოვთ, რა ვითარება იყო“, - განაცხადა კალაძემ.











