„ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში ოთხი ადამიანი წარადგენს

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათ შორის არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დანიშნული.
თენგიზ შარმანაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატია და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1995-1999 წლებში ის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ სიით იყო დეპუტატი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სასამართლო სისტემაში, მათ შორის 2004-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2005-2006 წლებში სპეციალისტად მუშაობდა, 2016 წელს კი იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე იყო. 2006-2009 წლებში UNDP-ის პროექტის ექსპერტი გახლდათ.
2009-2010 წლებში შარმანაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო. ამ კომისიამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც პრეზიდენტის როლი სუსტდებოდა, პარლამენტის, მთავრობისა და პრემიერის კი ძლიერდებოდა. მაშინდელი ოპოზიცია ეჭვობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის უფლების დაკარგვის შემდეგ გაძლიერებული პრემიერის თანამდებობას დაიკავებდა. ამის თავიდან ასაცილებლად ოპოზიცია ითხოვდა, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მოქმედ პრეზიდენტს 5 წლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება აღარ ექნებოდა. კომისიამ ეს არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ საკითხი პერსონებს უკავშირდებოდა და კონსტიტუციის რეგულირების სფეროს სცილდებოდა.
2011 წელს სააკაშვილის წარდგინებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დომინირებულმა პარლამენტმა შარმანაშვილი სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა.











