სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერიის განცხადებით, სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 221 222 ლარია.
მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის განვითარების ფონდმა ტაძრისა და მისი სამრეკლოს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება მაისის ბოლოს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თბილისში, სიონის N4-ში მდებარე ტაძრისა და სამრეკლოს დაზიანებული სახურავის ბურულის შეცვლას და აღდგენას.
სამუშაოები პრევენციული მიზნით გახდა აუცილებელი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნალექით კედლების დაზიანება და საფრთხე არ შეექმნას ტაძარში დაცულ უნიკალურ ფრესკებს.
ელექტრონული ტენდერის საფუძველზე სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება შპს „რემონტი 2-თან“ გაფორმდა. მერიის ინფორმაციით, პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.










