პოლიტიკა

ხატიაშვილი: პარტიების აკრძალვა შესაძლოა აშშ-ის მკაცრ ნაბიჯებს გამოიწვიოს

ხატიაშვილი: პარტიების აკრძალვა შესაძლოა აშშ-ის მკაცრ ნაბიჯებს გამოიწვიოს

„ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი და მხარდაჭერა დაბალია, საზოგადოებაში უკმაყოფილება კი მაღალი. მისი თქმით, ამიტომ მმართველი გუნდი დაბალრეიტინგულ პარტიებსაც კონკურენტებად განიხილავს და მათგანაც საფრთხეს ხედავს. ეს მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიების აკრძალვაზე საუბრისას თქვა.

ხატიაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მისი განმარტებით, საზღვარგარეთ არჩევნების წაგების შემდეგ ხელისუფლებამ მილიონამდე ემიგრანტს ხმის მიცემა აუკრძალა, ახლა კი იგივე პრინციპით მოქმედებს: ოპოზიციის მხარდამჭერ მილიონამდე ადამიანს არჩევანის უფლებას პარტიების გაუქმებით ართმევს. ხატიაშვილის შეფასებით, ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად კეთდება, თუმცა ამ ნაბიჯმა შეიძლება ძალიან სერიოზული ტრიგერის როლი შეასრულოს და ბევრი პროცესი დაძრას.

მისივე თქმით, რაც უფრო მძიმე იქნება სიტუაცია და რაც უფრო გადავა საქართველო „რუხი ზონის“ რეჟიმში, მით უფრო შეესაბამება ეს რუსეთის ინტერესებს, რადგან მას არ უნდა, რომ მისი საზღვრების მახლობლად ქვეყნები დემოკრატიულად ვითარდებოდნენ.

ხატიაშვილი ამბობს, რომ ახლა გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა, ევროპაშიც, მაგალითად საფრანგეთში, არეულობაა, ევროპა კი უკრაინის უსაფრთხოებაზეა გადართული. მისი თქმით, შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის ახლა ვერავინ მოიცლის და ამ ნაბიჯს უსაფრთხოდ გადადგამენ. თუმცა, თუ გადაწყვეტილება რეალურად მიიღება, ხატიაშვილს დარწმუნებული აქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის აშშ, მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები დეკემბერშიც კი ვიხილოთ.

მას ნაკლებად რეალისტურად მიაჩნია აშშ-თან „რაღაც დალაგების“ პერსპექტივა. ხატიაშვილის თქმით, ამერიკა გამოხატვის თავისუფლებას უჭერს მხარს, პარტიების აკრძალვა კი ადამიანებს ხმის უფლებას პირდაპირ ართმევს და აშშ ამით კმაყოფილი არ იქნება. მისი აზრით, ეს ნაბიჯი შეიძლება მაკონსოლიდირებელი ფაქტორიც გახდეს ქართულ საზოგადოებაში და ოპოზიციას, რომელსაც გაერთიანება არ გამოსდის, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში გაუჩნდეს გასაერთიანებელი მუხტი.

ევროკავშირის რეაქციაზე კითხვაზე ხატიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები ან ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ ელოდება. მისი თქმით, ევროკავშირისგან დაშორება უკვე აისახა მოქალაქეებზე: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტი გაჩერდა, არასამთავრობო ორგანიზაციები დაიხურა და ქვეყანაში ბევრი რამ შეფერხდა.

ხატიაშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება პირველ რიგში ნოემბერში გამოსაქვეყნებელ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე აისახება. მას დარწმუნებული აქვს, რომ ანგარიში შარშანდელზე გაცილებით კრიტიკული იქნება. სანქციების ინიცირებას არ გამორიცხავს, თუმცა ეს, მისი აზრით, სავარაუდოდ იანვარში ან მის შემდეგ მოხდება, როცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ლიეტუვა გახდება. წელს ქმედით ნაბიჯებს, მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, არ ელოდება. მისი თქმით, ევროკავშირი ისეთ ნაბიჯზე არ წავა, რომელიც ქართველ ხალხს დააზიანებს, ხოლო თუ ეკონომიკური ბერკეტები გამოყენებული იქნება, პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.

ხატიაშვილმა შაბათს გამართული უმრავლესობის სხდომაც შეაფასა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, პარტია ახლა კრიზისშია და შეხვედრა გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაციას ისახავდა მიზნად. ხატიაშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული პრობლემები, უთანხმოება და შიში არსებობს, მისი აზრით კი პარტიის წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და გარანტია არ აქვთ, რომ ორ წელიწადში ისინიც იმავე ადგილას არ აღმოჩნდებიან, სადაც გრიგოლ ლილუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ხატიაშვილმა დასძინა, რომ მეორე საკითხია, რამდენად მოახდენდა ეს შეხვედრა გუნდის შიგნით კონსოლიდაციას.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ