პოლიტიკა

მანანა კობახიძე: თვითაცილება ჩემი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო

მანანა კობახიძე: თვითაცილება ჩემი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითაცილების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანი რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი „დამოუკიდებელი ნაბიჯი“ იყო და თვლის, რომ სწორად მოიქცა.

კობახიძის განმარტებით, თვითაცილება იმ ეტაპზე დააყენა, როცა საქმესთან უშუალო შეხება მოუწია: „მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა“.

სპეკულაციებზე მან თქვა, რომ მათთვის ყოველთვის არის სივრცე, თუმცა კომენტარებს არ უპასუხებს, რადგან პროფესიული ეთიკა ამ თემაზე საუბარს ზღუდავს. მისი თქმით, ეს იყო პირადი გადაწყვეტილება და „არაფერი მეტი“.

კობახიძე გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად თავის პოლიტიკურ წარსულს ასახელებს: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს. მისი თქმით, სარჩელი დეპუტატებისაა, მოსარჩელეთა უმრავლესობა კი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია. კობახიძე სვამს კითხვას, თუ ამავე პარტიის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე საქმეს განიხილავდა, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში ისეთ საფუძველს, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელში კითხვის ნიშნებს წარმოშობდა.

მან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც მანანა კობახიძე თავის დროზე კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი იყო და მეათე წელია მოსამართლეა, ამ პარტიასთან კი შეხება არ აქვს. მანანა კობახიძის თქმით, აცილება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მოითხოვა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ წარსულში პოლიტიკოსი იყო. მისი თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი იყო და არაერთი მწვავე დისკუსია ჰქონდა საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ყოფილ ხელისუფლებას ღიად მოუწოდებდა, პასუხისმგებლობა აეღო სისტემურ დარღვევებსა და კონკრეტულ დანაშაულებზე და პოლიტიკიდან წასულიყო.

უახლოეს გეგმებზე კობახიძემ თქვა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობას აღიდგენს. მისი თქმით, ის ასოციაციის დამფუძნებელი წევრია: 2003 წელს პარლამენტის შენობაში საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ ჩააბარა. „ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა მან.

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძემ ამ შუამდგომლობით 9 ოქტომბერს მიმართა. პარლამენტმა ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ