ფოფხაძე: ვახო სანაიას დაკავებით ხელისუფლება დიქტატურის ელემენტებს ამკვიდრებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ეხმაურება. მისი თქმით, თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივ ამბად იქცა, რაც რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი და დიქტატურის აუცილებელი ელემენტია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ფოფხაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სანაია „ამოიჩემა“, რადგან ის უკან არ იხევს და თავის პოზიციაში ძალიან პრინციპული და თანმიმდევრულია. ფოფხაძე ამბობს, რომ „ვიღაცებმა გადაწყვიტეს“, საზოგადოებას „1984“-ის სცენარით ეცხოვრა.
„არ ვიცი, რომელი ევროპულის სტანდარტით ხელმძღვანელობენ. ვახო სანაიას მეტყველებაში ისეთი არაფერი არ არის, რომ საციხოდ გაიმეტონ ადამიანი. თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივ ამბად იქცა, რაც არის სწორედ რეჟიმისთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა მან.
ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ტელევიზიებს სიტყვების ნუსხა დაუდეს, რომელიც ეთერში არ უნდა გაჟღერდეს, და დასძინა, რომ ეს არასდროს დასრულდება, თუ რეჟიმს ქმნი. მისი შეფასებით, სანაიას დაჩაგვრით მისი სოციალური დაკნინება ხდება, საზოგადოებას კი ეუბნებიან, რომ სანაიას პოზიციის არჩევის შემთხვევაში ციხეში აღმოჩნდება.
ვახო სანაია დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაია პროცესს არ დაესწრო და აცხადებს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.
ეს ჟურნალისტის მეორე დაკავებაა. მანამდე მას 22 ივლისს დაწერილ პოსტზე 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.











