უიტკოფი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიასა და რუსეთში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნორვეგიაში გაემგზავრება, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, შეხვედრებს, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლის მონაწილეობაც მოლაპარაკებებში იგეგმებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრებს დისტანციურად შეუერთდება.
ოსლოში გამართულ განხილვებში მონაწილეობას, მოლაპარაკებების მოლოდინით, მიიღებენ ზელენსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, E4-ის (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი), ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლები.
საკითხთან დაკავშირებული ორი პირის ინფორმაციით, უიტკოფი რუსეთშიც აპირებს გამგზავრებას, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. რუსეთში დაგეგმილი საუბრები უკრაინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეეხება, ასევე ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს.
წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ განრიგი წინასწარი ხასიათისაა და შესაძლოა შეიცვალოს.











