წიკლაური: პარტიების გაუქმების შემთხვევაში დისიდენტობის ეპოქა დაიწყება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პარტიების გაუქმების შემთხვევაში დისიდენტობის ეპოქა დაიწყება, ადამიანი და სახელმწიფო კი ერთმანეთს დაუპირისპირდება. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში“ გააკეთა.
ოპოზიციონერის თქმით, ეს ძირს უთხრის საქართველოს, როგორც თანამედროვე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებით რეალურად პარტიები კი არა, საქართველოს მოქალაქე უქმდება, რადგან მას ხმის უფლებას ართმევენ.
წიკლაური ფიქრობს, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება და მიზნად ისახავს არა მხოლოდ პოლიტიკური ნების გაუქმებას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აგრესორად გამოცხადებას, რაც ევროპულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას საბოლოოდ შეუძლებელს გახდის.
„ყველას გვესმის, რომ რეალურად სამართლებრივი ბრძოლა არ არსებობს. არავინ არ ელოდება იმას, რომ ადვოკატები სიტყვას იტყვიან, ბრალმდებლები სიტყვას იტყვიან და მოსამართლეები ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს სარჩელი ჩვენ ალბათ, ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ბრალდებაში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება 2004-2012 წლებში ხელს უწყობდა აქ რუსეთის დომინაციას, რუსეთის შემოსვლას, რაც არის რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი დავალება, პირდაპირ იმეორებს მტკიცებას, რაც რუსეთს ყველგან ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. პოლიტიკური რეფრენი, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ახლა უკვე ამის კონსტიტუციურ ჩარჩოში შეტანის მცდელობაა. რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ აღიაროს, რომ საქართველო თითქოს არის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, რაც არის უმძიმესი დარტყმა და თაობების ღალატი, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, „ოცნების“ დათვლითაც მილიონამდე ადამიანის პოლიტიკური ნების აკრძალვა ხდება. თუ ამას ქვეყნიდან წასული ასობით ათასი ადამიანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას დავუმატებთ, რეალურად საქართველოს მოქალაქე უქმდება. წიკლაურის შეფასებით, ერთი მხრივ, ეს რუსული წესრიგის აღდგენისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის გაუქმების მცდელობაა, მეორე მხრივ კი დემოკრატიაზე თავდასხმაა, რომელიც საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს არსებობასა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას შეუძლებელს ხდის.
„თუ პარტიების გაუქმება მოხდება, დისიდენტების ეპოქა მოდის. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, ცხადია, იწყება დისიდენტობის ეპოქა, იწყება ადამიანის და სახელმწიფოს დაპირისპირება ერთმანეთთან, სიმართლის და ბოროტების დაპირისპირება ერთმანეთთან. ახლა პოლიტიკურ პარტიებს კი არ აუქმებენ, აუქმებენ საქართველოს მოქალაქეს“, - თქვა წიკლაურმა.
გადაცემაში მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეეხო და აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ მათი ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა, თავად კი ცემა-ტყეპის ობიექტად არიან ქცეულნი.
„მისი [გიორგი გახარიას] პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და ლოგიკა ის იყო, რომ მოდი, გამოვიყენოთ ტრიბუნა. როგორც ადრე ზოგიერთები ამბობდნენ, რომ შევიდეთ კომუნისტურ პარტიაში და შიგნიდან დავანგრიოთ, ეს არის წარმოუდგენელი სიბრიყვე, რომ შენ დიქტატურაში მის მიერ შექმნილ შემოღობილ ვითარებაში, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეხვალ სადმე და რამეს გააკეთებ. ხომ ვნახეთ, რაც მიიღეს? მას შემდეგ, რაც შევიდნენ პარლამენტში, მათი ლიდერი ქვეყნიდანაა გაქცეული, თვითონ სცემეს იმ პარლამენტში, არ არსებობს რაიმე საკითხი, რომლითაც გამოვლენ და ვინმე გაითვალისწინებს. ბოდიში და შენ რომ ყველაფერს „გაუპრავებ“ და მაინც რომ გაგაგდებენ ქვეყნიდან, მაინც რომ ცემა-ტყეპის ობიექტი ხარ, ამაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა წიკლაურმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე წიკლაურმა თქვა, რომ ეს ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს, „რახან ძალა არ აქვს, ამიტომაა, რომ ებრძვის ჟურნალისტებს“.
„აი, ამ ვითარებისკენ მივდივართ ჩვენ, რომ „ფეისბუქ“ პოსტების გამო შეიძლება ადამიანები ციხეში ჩასვან, ტროტუარზე დგომის გამო ჩასვან ციხეში. ეს თითქოს ძლიერებაა, მაგრამ ამავე დროს, აქ ჩანს ძალიან დიდი უძლურება იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ როდესაც პოლიტიკური ძალა ჰქონდა, კანონებს კი არ ამკაცრებდა, უფრო ლიბერალურს ხდიდა, რადგან გრძნობდა, რომ სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ხიშტი არ სჭირდებოდა. დღეს რახან ძალა არ აქვს, ამიტომაა, რომ ებრძვის ჟურნალისტებს, პატარა ბავშვსაც და ჯარისკაცსაც“, - განაცხადა წიკლაურმა.











