GCCA-მ „მედიტექ-ჯორჯიას“ საჩივარი პირობითი ვალდებულებების შეთანხმებით დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო-ესთეტიკური და ლაზერული აპარატურის რეალიზაციის ბაზარზე შპს „მედიტექ-ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საჩივარი „კონკურენციის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას ეხებოდა.
სააგენტოს განმარტებით, საქმე შეეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე იყო საუბარი. მომჩივნის შეფასებით, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მომხმარებლებს შესაძლოა მცდარი წარმოდგენა შეექმნა როგორც აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე, ისე მისი გამოყენებით გაწეულ მომსახურებაზე.
სააგენტომ მოპასუხის შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები შეაფასა და მიიჩნია, რომ მათი შესრულება კანონის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნებოდა. შეთანხმებით მოპასუხეს დაევალა, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წაშალოს სადავო პუბლიკაცია. ამასთან, მომავალში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში, არ უნდა გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ობიექტური და გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს მომჩივნის ან სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის მიერ რეალიზებული საქონლის მახასიათებლებს, წარმოშობას ან/და რეალიზაციის პირობებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პირობითი ვალდებულებების შეთანხმების მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოფხვრა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა.




