კალაძე: მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებისთვის „ქალაქის გული“ და „თერგი“ მოიძებნა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული სივრცე შეურჩიეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გარევაჭრობა აკრძალულია. მისი თქმით, მოვაჭრეებს არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მერის განმარტებით, ხელისუფლებისთვის „ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი“ და მათი შემოსავლის გარეშე დატოვება მიზანი არ არის.
„ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ასევე მესმის იმ ადამიანების, ვინც მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმიანობით. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არაა ჩვენი მიზანი, პირიქით, გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ, გვერდით დავუდგეთ და ასევე ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე და ადგილი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული…
აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად დაწყებული გვქონდა სავაჭრო სივრცეების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ სამუშაო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ უბრალოდ ისე ვტოვებთ ამ ადამიანებს, უბრალოდ მოვასუფთავეთ არსებული ტერიტორია და ამ ადამიანების ბედი არ გვაღელვებს, როგორ გააგრძელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას – ეს ასე არ არის.
არის კონკრეტული სივრცეები, რომლებიც მოძიებულია, მაგალითად „ქალაქის გული“ და „თერგი“, სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა კალაძემ.
მან ჩუღურეთის რაიონის გამგებელს მოვაჭრეებთან შეხვედრა სთხოვა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს კი მადლობა გადაუხადა.
27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო.
ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, ინსპექცია აქამდეც იყო მისული, თუმცა დახლების აღება გადაიდო, ბოლო 2 დღის განმავლობაში კი ამ თემაზე მათთან აღარავის დაუკავშირდება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ალტერნატიული ადგილი არ გამოუყვიათ და შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ.











