თბილისი

დიდი ლილოს მოსახლეობამ ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით გზა გადაკეტა

დიდი ლილოს მოსახლეობამ ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით გზა გადაკეტა

დიდი ლილოს მცხოვრებლებმა ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე გადატანისა და საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დღეს გზაც გადაკეტეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მოსახლეობის განცხადებით, ამ მოთხოვნით შესაბამის უწყებებს 16 წელია მიმართავენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე არსებული გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია გარემოს ჯანმრთელობისთვის საზიანოს ხდის და ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ონლაინგამოცემა „მაუწყებელთან“ აცხადებს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, პასუხისმგებელი პირებისგან გამოხმაურება წლებია არ მოჰყოლია.

„უკვე 16 წელია ვითხოვთ, რომ დაიხუროს ეს ნაგავსაყრელი. 16 წლის განმავლობაში ჩვენ, ჩვენი შვილები და ოჯახის წევრები ვიწამლებით. დღეს გვქონდა მშვიდობიანი შეკრება, უკვე მეორე შეკრებაა ეს. მიმართული გვაქვს განცხადებებით, ყველა პასუხისმგებელ პირთან გვაქვს მიწერილი, მაგრამ არც ერთი პასუხისმგებელი პირი ჩვენ არ გვხვდება. ის პასუხისმგებელი პირები მხოლოდ ცალკე 20-30 კაცს შეხვდებიან და ელაპარკებიან თითქოს ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, მაგრამ ხალხო, ამდენი მოსახლე ვართ, ამდენი ადამიანი ვართ და ჩვენც შეგვხვდით, ჩვენ გაგვეცით პასუხი“, – აცხადებს აქციის მონაწილე. მისივე თქმით, ტერიტორიის გადაკეტვა მოუწიათ და ახლა პასუხისმგებელი პირის მოსვლას ელოდებიან. მისი თქმით, 2 საათია ეს პირები გზაში არიან და ჯერ ვერ მოაღწიეს აქამდე.

დიდი ლილოს მცხოვრებლები მოითხოვენ, რომ ლილოს ნაგავსაყრელი დაიხუროს და მის ნაცვლად შესაბამისი სტანდარტების დაცვით ახალი ნაგავსაყრელი მოეწყოს.

ერთ-ერთი მოქალაქე „მაუწყებელთან“ ამბობს, რომ კახა კალაძემ დაპირება მისცა, ახალი ტერიტორიის მოძიებას დაიწყებდნენ. მისი თქმით, პროექტის შედგენის შემდეგ უკვე ცნობილია, რომ საუკეთესო ტერიტორიად ისევ ლილო დარჩა. მოქალაქე სვამს კითხვას, რისთვის იყო საჭირო 700 000-იანი ტენდერის ჩატარება და რისთვის უნდა დაემტკიცებინათ მოსახლეობისთვის, რომ ნაგავსაყრელი აქ უკეთესია.

მოქალაქის თქმით, კალაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ბიუჯეტში უნდა ჯდებოდნენ. „ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიუჯეტში ასე ერთ დღეში ვერ ხდება ცვლილების შეტანა, მაგრამ ერთ დღეში თუ არა, ერთ წელიწადში უნდა მოხდეს და ის დანაპირები, რაც ბატონმა კახი კალაძემ სამი წლის წინ გვითხრა, რომ ახალ ტერიტორიას მოძებნიდა, ეს მხოლოდ ფურცლებზე არ უნდა დარჩეს. ახალი ტერიტორია უნდა იყოს ახალი ტერიტორია და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ იმ ტერიტორიაზე გადატანა“, – ამბობს მოქალაქე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ