აბესაძე: კალაძე რიყის განვითარებასთან დაკავშირებით ვირეშმაკობს

იურისტი და ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე რიყის ტერიტორიის განაშენიანებასთან დაკავშირებით „ვირეშმაკობას“ მიმართავს. აბესაძის თქმით, კალაძე ცდილობს, საზოგადოების ყურადღება რიყის მავნებლურ განვითარებასთან დაკავშირებით მოადუნოს.
აბესაძის განმარტებით, მერიაში ამ ეტაპზე სასტუმროს შენობა-ნაგებობის პროექტი არ შესულა და არც უნდა შესულიყო. განიხილება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხი. ოფიციალური მოთხოვნა და განცხადება მერიის ურბანული და ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული.
მისი თქმით, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მესაკუთრე ითხოვს, ტერიტორია სარეკრეაციო ზონის ნაცვლად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსით განვითარდეს. სამშენებლო მოცულობად მოთხოვნილია 67 761 კვადრატული მეტრი, რაც ამ ზონაში დაახლოებით 10-სართულიან შენობას ნიშნავს.
„ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას“, – წერს აბესაძე. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით უკვე ცნობილია, რომ იქ სასტუმრო განთავსდება, რაც კაზინოს, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს.
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია აბესაძემ 27 ოქტომბერს გაავრცელა. დოკუმენტაციაში დამკვეთად მითითებულია თურქი ბიზნესმენი ომერ ქირაჩი, რომელიც შპს „რიყე დომის“ დირექტორია. რიყის დოქები ამ შპს-ს საკუთრებაში იყო.
მიწის ფართობი ჯამში 14 591 კვ.მ-ია, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად კი 67 761 კვ.მ არის მითითებული. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა უფრო დიდი ფართობის ვერ იქნება, ეს დეტალი შემდეგ ეტაპზე წარდგენილი პროექტით გაირკვევა. ერთი ფაილის გარდა, სხვა დოკუმენტები ან კვლევა ამ ეტაპზე წარდგენილი არ არის.
აბესაძის აზრით, „რიყის დოქების“ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან გაერთიანება შეიძლება იყოს. „მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს „ინვესტორის“ წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა“, – წერს ის. აბესაძემ სოციალურ ქსელში ფოტომონტაჟიც გაავრცელა.
29 ოქტომბერს კალაძე აბესაძის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. „თქვენ მხარდამჭერებს ატყუებთ. დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.











