პოლიტიკა

ანა წითლიძე: ხოშტარიას ამ მდგომარეობამდე მიყვანა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა

ანა წითლიძე - როდესაც „ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას - ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, ამ მდგომარეობამდე მიყვანა პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჰუმანური და ადამიანური არაფერია.

წითლიძემ თქვა: „როდესაც „ქართული ოცნება“ სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას. საერთოდ რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში, რა დააშავა? იმის გამო, რომ ბანერზე მარკერით რაღაც დააწერა? ანუ „ქართული ოცნებისთვის“ ბანერი და მარკერი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასე გამოდის, რადგან ელენე ხოშტარიას სხვა არაფერი დაუშავებია. კრიმინალი ელენე ხოშტარია არ არის.“

ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის რამდენიმე თვის წინ თავდაპირველად კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.

ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის, საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მან კალაძის ბანერზე წარწერა „რუსული ოცნება“ გააკეთა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი თქვა.

ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუ ამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოსამართლე გიორგი არევაძემ ხოშტარია დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ