სოხაძე: №166 სკოლის მშენებლობას სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის თქმით, თბილისის №166 საჯარო სკოლის მშენებლობა დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, სკოლის დემონტაჟს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი უკვე ამზადებს სამშენებლო პროექტს, რათა დემონტაჟის დასრულებისთანავე მშენებლობის დაწყება იყოს შესაძლებელი.
სოხაძემ აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობის ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.
„მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებლობას პირადად ავიღებ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ყველა სკოლა აშენდეს მაღალი სტანდარტით და უსაფრთხოების სრული დაცვით,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, სამინისტრო პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაზე მუშაობს.







