სოხაძე მე-10 სკოლის მშობლებს: მომავალი წლის სექტემბერში სწავლა დაიწყება, თუ არა და, აქ აღარ ვიქნები

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს პასუხისმგებლობა აიღო, რომ ახალ სკოლაში სწავლა მომავალი წლის სექტემბერში დაიწყება. მისივე თქმით, თუ ეს არ მოხდება, თანამდებობაზე აღარ იქნება.
მოსწავლეებმა და მშობლებმა დადიანის ქუჩაზე სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. სოხაძე აქციის მონაწილეებთან ადგილზე მივიდა და პრობლემაზე პირადად გაესაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ მას ესმის მოქალაქეების ბრაზი, რადგან ამდენი წელი ამ პრობლემასთან ცხოვრება ნორმალური არ არის.
„ჩვენ კარგად ვიცით ის პრობლემა, რაც არის კონკრეტულად ამ სკოლასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ლეგიტიმური არის თქვენი გულის წყრომა, სიბრაზე და ის წუხილი, რაც გაქვთ. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას იმიტომ, რომ არ არის ნორმალური, როდესაც წლების განმავლობაში ეს პრობლემა დგას და წლებია, ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ამ სიტუაციაში ყოფნა“, - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სკოლის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ეს პრობლემები გადაიჭრა. კონტრაქტორმა განახლებულ ნებართვაზე უკვე შეიტანა განცხადება. სოხაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მშობლების ნაწილს უკვე ჰქონდა შეხვედრა და საჭიროების შემთხვევაში ახალი შეხვედრის გამართვაც შესაძლებელია.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კონტრაქტორი მშენებლობას განაახლებს. „ჩვენი ამოცანა და დავალებაა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს. მომავალი წლის სექტემბერში სწავლა დაიწყება ახალ სკოლაში. თუ არ დაიწყება, მე იქ აღარ ვიქნები, სადაც ვარ“, - თქვა სოხაძემ.
მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებასა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნებას ითხოვენ.











