ლუბინეცი: ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა 54 საათია გრძელდება, ჰუმანიტარულ დახმარებას პარასკევს მიიტანენ

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 54 საათია გრძელდება, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება კი პარასკევს იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული მისიისთვის აუცილებელ მარშრუტებზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამავდროულად, ჰუმანიტარულ დახმარებას ვამზადებთ, რომლის მიწოდებასაც ოლეშკიში ხვალ ვგეგმავთ. შეთანხმებულ პირობებს ორივე მხარე სრულად იცავს, სიჩუმის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლუბინეცმა.
უკრაინის ომბუდსმენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტშია რუს კოლეგასთან, იანა ლანტრატოვასთან, და შეთანხმების პირობების კოორდინაციას ახორციელებს. ლუბინეცმა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მადლობა გადაუხადა.
მანამდე მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია Newsmax-ის ოთხი ჟურნალისტი ოლეშკიში ჰუმანიტარულ მისიას ადგილზე დააკვირდება და მას დააფიქსირებს.











