თბილისი

დიდუბეში „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დიდუბეში „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

25 ოქტომბერს, დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსებისა და ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე ექვსი კორპუსის, სასტუმროსა და მოლის აშენებას აპროტესტებენ.

აქციაზე შეკრებილებთან „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რესან ქიქავა მივიდა. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი გამართლებულია.

„მე მოვედი როგორც ამ სივრცის გულშემატკივარი და მგონია, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ. მე დიალოგისთვის არ მოვსულვარ, არანაირი მიზანი და დავალება არ მაქვს. მე მოვედი როგორც მოქალაქე და როგორც „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი. მოვედი ჩემს გუნდთან ერთად, რათა მოვისმინო რა არის მოქალაქეების მოთხოვნა, რომ მქონდეს ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია მე დავწერე გუშინ. მაქვს ჩემი არგუმენტები, როგორც მოქალაქეს და როგორც „ექსპო ჯორჯიის“ ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის გამართლებული. რა თქმა უნდა, ყველას შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა რესან ქიქავამ.

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №118-ში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი იგეგმება: 12-, 20- და 30-სართულიანი 6 საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი („City Mall Expo“). მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია „სითიზენი“ (Cityzen Development) გეგმავს. მისი დამფუძნებელი მინდია საბანაძეა, რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი ბიზნესმენი, რომელიც IG Development-ს ფლობს. მის საკუთრებაშია „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“. საბანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია: 2016-2017 წლებში პარტიას 100 ათასი ლარი შესწირა, 2012 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო.

მინდია საბანაძე ირწმუნება, რომ პროექტი „ექსპოს“ გადარჩენასა და განვითარებას უზრუნველყოფს. არქიტექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებმაც ტერიტორიის დასაცავად ინიციატივა „Save Expo დაიცავი გამოფენა“ შექმნეს, საპირისპიროს ამბობენ. მათი განცხადებით, პროექტის შედეგად ქალაქი უნიკალურ ადგილს, ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებულ ისტორიასა და მეხსიერებას დაკარგავს, რაც დეველოპერის პირად ინტერესს ეწირება. სპეციალისტების თქმით, ექსპო საზოგადოებრივი სივრცეა და არა სამშენებლო მოედანი.

„ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქის ისტორიულ გარემოს, არ უნდა იყოს მხოლოდ დეველოპერის გადასაწყვეტი. მერია ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი! აუცილებელია პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებენ Save Expo-ს წარმომადგენლები.

Save Expo-მ პროექტის შესახებ ანალიზიც გამოაქვეყნა. ინიციატივის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია პროექტს აანონსებს და ბინების გაყიდვას იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მიღებული არ აქვს. მათი შეფასებით, ეს საზოგადოებისა და პოტენციური მყიდველების შეცდომაში შეყვანაა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადმინისტრაციული პროცედურები ფორმალობაა.

დეველოპერის დაპირების საპირისპიროდ, რომ მშენებლობა პერიფერიაზე იქნება, ინიციატივის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი 12-დან 32 სართულამდე 6 ცათამბჯენისა და სავაჭრო მოლის განთავსებას ითვალისწინებს, მათ შორის პარკის ცენტრალურ შესასვლელთანაც. მათივე თქმით, ცათამბჯენები ტერიტორიის იერსახეს სრულად შეცვლის და უნიკალურ არქიტექტურულ ანსამბლსა და სარეკრეაციო სივრცეს დათრგუნავს.

სათამაშო მოედნებისა და ბილიკების დამატების დაპირებასთან დაკავშირებით ინიციატივის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ „გამოფენის“ ტერიტორია დღეს სარეკრეაციო და საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებს. მათი თქმით, შენობებისა და სავაჭრო ცენტრის სახურავებზე მოწყობილი მწვანე სივრცეები სრულფასოვან საზოგადოებრივ პარკს ვერ ჩაანაცვლებს და რეალურად მხოლოდ კომპლექსის მაცხოვრებლებსა და მომხმარებლებს მოემსახურება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ