თბილისი

რიყის დოქების ადგილზე ინვესტორი მინიმუმ 67 761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას ითხოვს

რიყის დოქების ადგილზე ინვესტორი მინიმუმ 67 761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას ითხოვს

თბილისის მერიამ რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად იურისტმა და ყოფილმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

დოკუმენტაციაში დამკვეთად ომერ ქირაჩია მითითებული. ის თურქი ბიზნესმენი და „შპს რიყე დომის“ დირექტორია. რიყის დოქები სწორედ ამ შპს-ის საკუთრებაში იყო.

მიწის ფართობი ჯამში 14 591 კვ.მ-ია, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად კი 67 761 კვ.მ არის მითითებული. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა უფრო დიდი ფართობის ვერ იქნება — ეს დეტალი შემდეგ ეტაპზე, წარდგენილი პროექტის მიხედვით გაირკვევა.

„წარმოდგენილი გრგ-ს დავალების მიხედვით, გვსურს ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“, — წერია დოკუმენტაციაში. ერთი ფაილის გარდა, სხვა დოკუმენტი ან კვლევა ამ ეტაპზე წარდგენილი არ არის.

აბესაძე წერს: „ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 10 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს“.

აბესაძის აზრით, „რიყის დოქების“ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს. მისივე თქმით: „მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს „ინვესტორის“ წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა“. მან სოციალურ ქსელში ფოტომონტაჟიც გაავრცელა.

2026 წლის 6 მაისით დათარიღებული განკარგულების თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარებაა შესაძლებელი. დოკუმენტში წერია, რომ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, რაც შესაძლოა, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებასაც გულისხმობდეს, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას (საჭიროების შემთხვევაში) და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას.

ამჟამად რიყის დოქების დემონტაჟი მიმდინარეობს. შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიამ რამდენიმე თვის წინ გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების მიხედვით, დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„რიყის დოქები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლების განმავლობაში უფუნქციო იყო. სახელმწიფომ ის 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ