გაეროს, ეუთოსა და EU-ს თანათავმჯდომარეები ჟენევის 68-ე რაუნდამდე სოხუმში შეხვდნენ ბიგვავას

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, სოხუმში ჩავიდნენ. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავას შეხვედრაზე მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავებისა და ხელმოწერის აუცილებლობაზე. დე ფაქტო უწყების მტკიცებით, ამ დოკუმენტის ხელმოწერა მოლაპარაკებების ფორმატის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხებიც განიხილეს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება და სხვა თემები, რომელთა განხილვაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.
აფხაზურმა მხარემ თანათავმჯდომარეებს თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლის, ადნან მენდერესის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ელჩინ აძინბას შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. დე ფაქტო საგარეო უწყების თქმით, აძინბამ განუცხადა, რომ ჟენევაში, გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმის სესიაზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მხრიდან ზეწოლას, მუქარასა და კიბერშეტევებს დაექვემდებარა. უწყების თანახმად, ფორუმზე აძინბამ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა დოკუმენტების არაღიარების საკითხები წამოჭრა.
აფხაზური მხარის განცხადებით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
სოხუმამდე თანათავმჯდომარეები თბილისში იმყოფებოდნენ. 26 ოქტომბერს მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას თანათავმჯდომარეები და მათი დელეგაციების წევრები ესწრებოდნენ, საქართველოს მხრიდან კი მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია უძღვებოდა.
ქართული მხარისთვის პრიორიტეტული იყო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევები. უწყების ცნობით, განიხილეს რუსეთის ქმედებებიც, რომლებსაც საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებად აფასებს.











