ბეჟაშვილმა საკონსტიტუციოში კობახიძის 2008 წლის წიგნი ციტირა: ომით ტერიტორიების აღდგენის მიზანი პარტიის აკრძალვის საფუძველი არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა 27 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძის 2008 წელს გამოცემული წიგნიდან „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“ ამონარიდი გაიხსენა. „ქართული ოცნების“ სარჩელი ენმ-ის აკრძალვას, სხვა საფუძვლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამოც ითხოვს და ამ კონტექსტში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს.
ბეჟაშვილის მიერ ციტირებულ ნაწილში კობახიძე წერს: „პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა“.
წიგნის მიხედვით, ასეთ ტერიტორიებზე პოლიტიკური კონტროლის აღსადგენად წარმოებული ომი თავდაცვით ომად უნდა ჩაითვალოს. კონსტიტუციის 98-ე მუხლი კი მხოლოდ თავდაცვითი ომის წარმოებას აცხადებს საქართველოს სუვერენულ უფლებად. კობახიძე განმარტავს, რომ კონსტიტუციით ომისა და ძალადობის პროპაგანდა პარტიის აკრძალვის საფუძველია, თუმცა ეს გულისხმობს საგარეო აგრესიას, თუნდაც ისტორიული ტერიტორიების დასაბრუნებლად, და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. მისივე თქმით, ე.წ. დაკარგულ ტერიტორიებზე იურისდიქციის ომით აღდგენისკენ მოწოდება ძალადობის პროპაგანდადაც ვერ ჩაითვლება.
წიგნში ასევე წერია, რომ პროპაგანდად უნდა ჩაითვალოს პარტიის სისტემატური მოწოდება, განახორციელონ საგარეო აგრესია ან ძალადობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. პარტიის ლიდერებისა და წევრების ერთჯერადი გამონათქვამები პროპაგანდად ვერ ჩაითვლება და სასამართლოს პარტიის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის იურიდიულ საფუძველს ვერ მისცემს. პროპაგანდად შეიძლება ჩაითვალოს რეალური ქმედებებიც, მაგალითად, წევრების მზადება საომარი მოქმედებებისთვის, საკუთარი ძალებით საომარი მოქმედებების წამოწყების მცდელობა ან რეგულარული ხასიათის ძალადობის აქტები.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 2008 წელს მოქმედ კონსტიტუციას განმარტავს, თავდაცვითი ომის უფლებისა და ომის და ძალადობის პროპაგანდის გამო პარტიის აკრძალვის ჩანაწერი დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც იდენტურია. კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია აკრძალოს ისეთი პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
„ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელში წერია: „2004-2008 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება სისტემატურად აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს და ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებსა და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს… აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ენმ-მა 2004 წლიდან გეგმაზომიერად განახორციელა ქმედებები, რომლებმაც ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას, ხოლო რუსეთთან საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა.
ბეჟაშვილის განცხადებით, მოსარჩელე წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით ცდილობს 2008 წლის ომის დაწყების პასუხისმგებლობა იმდროინდელ ხელისუფლებას დააკისროს, რაც რუსეთის საოკუპაციო პროპაგანდისტული ნარატივის პირდაპირ კოპირებაა. მისი თქმით, ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ორ საერთაშორისო გადაწყვეტილებას: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ბეჟაშვილის შეფასებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და ომის დაწყების მოტივით იმდროინდელ მმართველ პარტიას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, საქართველო საკუთარი უმაღლესი სასამართლოს ხელით უარყოფს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გამარჯვებებს. მისი თქმით, რუსეთი საერთაშორისო არენაზე მიიღებს სამართლებრივ არგუმენტს, თითქოს თავად საქართველომ აღიარა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს, მისივე სიტყვებით, საფუძველს გამოაცლის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გზას გაუხსნის სხვა სახელმწიფოებისთვის. ბეჟაშვილი ამბობს, რომ საქართველო დაკარგავს დასავლელი პარტნიორების სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გაეროში, ევროკავშირსა და ეუთოში, ქართველი სამხედროებისთვის კი შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე რეტროაქტიული საფრთხე შეიქმნება.
ბეჟაშვილმა განაცხადა: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო ძალის გამოყენებით აღდგენა წარმოადგენდა, ეს არ მიუთითებს შესაბამისი პარტიის მიზნის არაკონსტიტუციურობაზე, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის განზრახვაზე“. მისივე თქმით, ბევრი წიგნიდან შეიძლებოდა ციტატების მოყვანა, თუმცა გადაწყვიტეს, ეს დებულება სწორედ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კობახიძის წიგნიდან მოეყვანათ.











