პოლიტიკა

დავითაია: პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცევიან

პაატა დავითაიას განცხადებით, ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოიტანენ, სანქცირებული იქნებიან ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან სანქცირებულნი იქნებიან.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დავითაიამ განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილოს.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უმძიმესი დარტყმა იქნება, მათ შორის თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც. დავითაიას შეფასებით, სასამართლოს სახე აქამდე შენარჩუნებული ჰქონდა იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო სასამართლო სისტემას აკრიტიკებს და სანქცირებულიცაა.

„ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება, 100%-ით გარანტიას გაძლევთ. სანქცირებული იქნება ბრიტანეთის მხრიდან, აშშ-ის მხრიდან, ის მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის მხრიდან რომ იქნებიან სანქცირებული, ეს ისევე მოხდება, როგორც ორჯერ ორი ოთხია“, - განაცხადა დავითაიამ.

მისივე თქმით, ამით მთელი სასამართლო სისტემა სანქცირებული აღმოჩნდება, რაც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. დავითაია კითხულობს, როგორ გამოიტანენ ამ მოსამართლეები შემდგომ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ფარგლებში.

მისი განცხადებით, არ სჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს არ დააკმაყოფილებს და ამ პარტიებს დატოვებს. დავითაიას თქმით, „მანქანა უკვე ამუშავებულია, დაწყებული პროპაგანდისტული მანქანით“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი აღარ უნდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ