პოლიტიკა

სიორიძე: ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პერსონალური სანქციების სახით უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

გიორგი სიორიძე - ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა, მათ შორის პერსონალური სანქციებით, რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ის, რაც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რეალურად მთელი პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა და კონსტიტუციური გადატრიალების დასკვნით ფაზას წარმოადგენს. სიორიძემ ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ თქვა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ისეთ სანქციებს მიიღებს, „რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ“.

სიორიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს არც 2024 წლის არჩევნებისა და არც მისი ქმედებების საგარეო ლეგიტიმაცია არ აქვს. მისივე თქმით, აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა, თავად ივანიშვილს კი პერსონალური სანქციები აქვს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუხანგრძლივა. სიორიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ყოფილი მაღალჩინოსნები უმძიმეს სასანქციო სიაში, „მაგნიტსკის სიაშიც“ არიან.

„ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა, მათ შორის პერსონალური სანქციებით, რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ. ამას მიხვდა მანანა კობახიძე, რომელსაც აიძულებდნენ პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა სიორიძემ. მისი თქმით, ამას ხვდებიან პარლამენტში, მთავრობაში თუ სხვაგან მყოფი პოლიტიკოსებიც. სიორიძის შეფასებით, ივანიშვილი კრიმინალური სინდიკატის მეთოდებით მოქმედებს და უნდა, რომ ყველა ამ ამბავში გასვრილი იყოს.

ქვეყნის შიგნით, სიორიძის თქმით, ვერდიქტს „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოება გამოუტანს, ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც. მისი განცხადებით, მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი არსებობს, თუმცა ყველაფერი გათვალისწინებული აქვთ.

„ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ. როგორიც იქნება მოცემულობა, იმის შესაბამისად, ადეკვატურად, კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ნამდვილად არ ვაპირებთ, არც პოლიტიკიდან წასვლას, არც ქართველი ხალხის მიტოვებას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ