სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში გატანას გეგმავდა

სამხრეთ აფრიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის ხის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა. ხეები ქალაქ დურბანში, ერთ-ერთ საწყობშია განთავსებული. საწყობის მფლობელის თქმით, ხეები გაჩერებულია, სანამ ხელისუფლება საქართველოში მათი დაგეგმილი ექსპორტის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს.
სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადებით, ხეები საქართველოში უნდა გაეტანათ, თუმცა მათ ექსპორტისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდათ. ექსპორტის განმახორციელებლის ვინაობა არ გაჟღერებულა.
DFFE-ს ინფორმაციით, 2026 წლის 27 ივლისს ექსპორტის განმახორციელებელმა უწყებას ლიცენზიისთვის მიმართა. ლიცენზია 5 ხის ამოღებას, ფლობას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და შეძენას მოიცავდა. განაცხადი 2026 წლის 31 ივლისს უარყვეს, რადგან საკითხი სისხლის სამართლის გამოძიების საგანია. განმცხადებელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც განხილვის პროცესშია.
საწყობს, სადაც ხეებია განთავსებული, კომპანია Africa Global Logistics (AGL) ფლობს. კომპანიის განმარტებით, როგორც კი „მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ გახდა ცნობილი, ბაობაბების გადაზიდვა შეაჩერეს.
2024 წელს ცნობილი გახდა, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა. პარკის ადმინისტრაციამ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს დააბრალა.
ივანიშვილმა ბაობაბები კენიიდან ჩამოიტანა. The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან $800-დან $2400-მდე ფასად გაყიდეს. კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გააუქმა ლიცენზია, რომლითაც უცხოურ კომპანიას ბაობაბის 8 ხის ამოთხრა და საქართველოში გატანა უნდა შესძლებოდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნა, რომ სამინისტროს კილიფის ოლქში ხეების ამოთხრის პროცესი შეემოწმებინა.
სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბები არ უნდა გასულიყო ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტებთან ჰარმონიაში არ მოვიდოდა.
კენიის პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოში ბაობაბის ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ხეების გაყიდვისას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. გარემოს დამცველები ექსპორტს „ბიომეკობრეობას“ უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ხეების გატანას, რომლებიც მრავალი მწერის, რეპტილიისა და ფრინველის ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის.
2023 წლის თებერვალში კენიის მთავრობამ საბოლოოდ გასცა ნებართვა საქართველოში ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტზე.











