პოლიტიკა

შარაშიძე: 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან გვაკავშირებენ, არადა ბოიკოტის წინააღმდეგიც კი ვიყავით

გიორგი შარაშიძე - სარჩელში ჩვენს ნაწილში აბსურდულობა კიდევ უფრო მასშტაბურია - წარმოიდგინეთ, გვაკავშირებენ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან, რასაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ სარჩელში მათ პარტიასთან დაკავშირებული აბსურდულობა უფრო მასშტაბურია. მისი თქმით, პარტიას 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან აკავშირებენ, რასაც ისინი არათუ გაემიჯნენ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგიც კი იყვნენ. შარაშიძემ ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ თქვა.

შარაშიძის განმარტებით, მათ წინააღმდეგ ე.წ. ფაქტები გამოგონილია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით კი ბოიკოტის თემა, მისივე შეფასებით, ფაქტია. დეპუტატმა დაამატა, რომ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ან სხვა რომელიმე პარტია არ უნდა აიკრძალოს, თუმცა ფაქტი მაინც არსებობს და „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უარყოფს, რომ იმ მომენტში არჩევნების ბოიკოტის მომხრე იყო.

შარაშიძემ პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პარტიების აკრძალვის შემდეგ ახალი, გაჯანსაღებული ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე გამოსვლაზეა საუბარი. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია და ადასტურებს, რომ ისინი პარტიების აკრძალვას უჭერენ მხარს. შარაშიძე „ნეიტრალურ საქართველოს“ ღიად პრორუსულ და მარიონეტულ პარტიას უწოდებს.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ერთპარტიულობა არ იქნება, სინამდვილეში კი მხოლოდ მისივე დანიშნული ოპოზიცია იარსებებს. შარაშიძე ამას „შენიღბულ პლურალიზმს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხალხს ფაქტობრივად ეუბნებიან: ან მხოლოდ მათ აირჩევენ, ან, თუ ოპოზიციის არჩევა სურთ, მათ მიერ არჩეულს.

„ეს იქნება „ქართული ოცნების” მიერ შენიღბული დემოკრატიული სურათი, სინამდვილეში კი ავტორიტარიზმი პირდაპირ გადადის დიქტატურაში“, - განაცხადა შარაშიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ