თორნიკე რაზმაძე სიმონიანის შეურაცხყოფის საქმეზე 3000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საბაბით 3000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას სწორედ შსს ითხოვდა.
საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხება, რომელიც, რაზმაძის თქმით, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის მისამართით დაწერა. შსს-მ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა კომენტარი ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ მთავრობაზე თავდასხმად წარმოაჩინეს.
კომენტარი რაზმაძემ საკუთარ პოსტზე, 18 აგვისტოს სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოზე დაწერა. ვიდეოში ის სიმონიანისა და კობახიძის ნათქვამებს ადარებდა ერთმანეთს. კომენტარში მან სიმონიანის ციტატა („на коленях“) გამოიყენა, რითაც, მისივე განმარტებით, სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს აგინებდა. ბლოგერი ამბობს, რომ კობახიძის და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულია, მაგრამ ამ კომენტარში მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს გულისხმობდა.
სხდომაზე რაზმაძემ თქვა: „მე რომ კობახიძის შეურაცხყოფა მნდომებოდა, რომელზეც უკეთესი წარმოდგენა არ მაქვს ვიდრე სიმონიანზე, ვიტყოდი, შენი გეორგიევსკის ტრაქტატი ასე და ისე-მეთქი. გავიმეორე სიმონიანის სიტყვები და მიემართებოდა ჩემი სიტყვები მას.“ მისივე თქმით, პრობლემა თავად კანონია, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფაზე არაფერია ნათქვამი.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ დამატებითი მტკიცებულება წარადგინა: რაზმაძის კიდევ ერთი პოსტი, რომელიც მან წინა სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. კერესელიძის თქმით, რაზმაძე მიზანმიმართულად აგრძელებს სამართალდარღვევას. მისივე სიტყვებით: „ქცევის ზოგად წესად იქცა ბატონი თორნიკე რაზმაძისთვის ამგვარი კომენტარების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება“.
საქმეს რაზმაძის მიერ წარდგენილი შალვა პაპუაშვილისა და არჩილ გორდულაძის განცხადებებიც დაერთო, რომლებშიც ისინი რაზმაძეს აყენებენ შეურაცხყოფას. რაზმაძის თქმით, ეს იმის დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. საქმეში ასევე დევს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართველ ბლოგერს სიმონიანის შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ.
სასამართლოში საქმის განხილვა 29 სექტემბერს დაიწყო. რაზმაძე მაშინ ადვოკატის გარეშე მივიდა და სხდომა დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დააზუსტა, რომ ედავებოდნენ არა თანამდებობის პირის შეურაცხყოფას, არამედ წვრილმან ხულიგნობას. შალვა პაპუაშვილმა რაზმაძეს ემოციურად დაზიანებული, ემოციური კრიზისების მქონე პიროვნება უწოდა; რაზმაძემ ეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სტიგმატიზებად შეაფასა.
რაზმაძეს 166-ე მუხლით ედავებიან, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. გადაწყვეტილების შემდეგ რაზმაძემ დაწერა: „3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც „ნა კალენიახ“ და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!“











