კონფლიქტები

ზელენსკი: რუსეთმა ღამით უკრაინაზე 16 ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გამოიყენა

ანდრეი სიბიგა - პუტინი მკვლელია, რომლის ხელებიც სისხლითაა მოსვრილი, მისი ადგილი ჰააგაში, ბრალდებულთა სკამზეა და არა საერთაშორისო ღონისძიებებზე

რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 16 ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დარტყმები დაფიქსირდა, მათ შორის, სამხრეთის ხიდზე.

ზელენსკის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან უკრაინის ლოგისტიკის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის სერიოზული ესკალაციაა. „დარტყმები განხორციელდა კიევის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვის, ოდესის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ხერსონისა და ჩერნოვცის ოლქებშიც. თითქმის ყველგან რუსეთის სამიზნეები იყო ენერგეტიკული სექტორი, ლოგისტიკა და ქალაქის ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებაში ბოლოდროინდელი ხელოვნურად შექმნილი და ხანგრძლივი შეფერხებები პირდაპირ ეხმარება რუსეთს ტერორისტული კამპანიის მიზნების მიღწევაში. „ყოველი ასეთი შეფერხება ნიშნავს რუსეთის კიდევ ერთ დარტყმას ამა თუ იმ ობიექტზე. სამწუხაროდ, დარტყმები ყოველდღიურად ხდება. რუსეთი მუდმივად დგამს ახალ ნაბიჯებს ესკალაციისკენ. სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და უკრაინისთვის რეალური მხარდაჭერის გაწევა“, - აცხადებს ზელენსკი.

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც. „მიუღებელია რუსეთის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის ხელშეწყობა იმ დროს, როდესაც ის ომის შეწყვეტაზე უარს ამბობს. პუტინი მკვლელია, რომლის ხელებიც სისხლითაა მოსვრილი. მისი ადგილი ჰააგაში, ბრალდებულთა სკამზეა და არა საერთაშორისო ღონისძიებებზე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ