სამართალი

სახალხო დამცველის რწმუნებულმა გიორგი ფეიქრიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა

ომბუდსმენის აპარატი - სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი - ბრალდებულის განმარტებით, საკანში მარტო იმყოფება, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით აცნობებს და პატიმარ ფეიქრიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, 2026 წლის 25 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ. შეტყობინებით ბრალდებულის მონახულებასაც ითხოვდნენ. აპარატის ცნობით, ეს ინფორმაცია საზოგადოებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიეწოდება.

ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან სხვა პატიმრები განთავსებული არ არიან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს. სახალხო დამცველის აპარატი ასევე აღნიშნავს, რომ მონახულებისას ფეიქრიშვილს აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია.

კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი საკანში მის მეორე შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან შევიდა. ეს ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ