სამართალი

მარნეულში ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მამაკაცი მათ დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა და გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.

მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ