ეკონომიკა

GCCA და ჩინეთის SAMR თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობენ

GCCA-მ ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე თბილისში, 26 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) დელეგაციას შეხვდა. GCCA-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ორ უწყებას შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავება იყო.

ლექვინაძემ სტუმრებს სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო, წარუდგინა დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ისაუბრა კონკურენციის, მომხმარებლის უფლებებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე საქმეებზე. ჩინეთის დელეგაციის სახელით მიმართა მისმა ხელმძღვანელმა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ჟაი იუნპენმა.

მხარეებმა იმსჯელეს კონკურენციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის აღსრულებაზე, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. განიხილეს საერთაშორისო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობაც.

შეხვედრაზე ისაუბრეს GCCA-სა და SAMR-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და ფორმებზე, ასევე მემორანდუმის საბოლოო შეთანხმებისა და ხელმოწერისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე. ლექვინაძის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სამომავლო კოორდინაციის საფუძველს შექმნის.

ჩინეთის დელეგაციაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი და მეორე დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიოდნენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ