გურჯაანში ინტიმური მასალის გავრცელებისთვის ორ ბრალდებულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო თვითმკვლელობამდე მიყვანასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვასა და გავრცელებაში. თითოეულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის თქმით, სასამართლომ გაიზიარა მისი წარდგენილი მტკიცებულებები. გამოკვლეული მასალით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს.
შემდეგ მათ დაზარალებულის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით ეს მასალა უკანონოდ გაავრცელეს და მისი ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით). დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.











