პოლიტიკა

მახაშვილი: სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა ოპოზიციის ილუზიებს აჩვენებს

ლევან მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია - როდესაც პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა, სხვისი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული „არაკონსტიტუციური ოპოზიცია“. მისი თქმით, როდესაც პოლიტიკურ ძალას არც ეროვნული პლატფორმა აქვს და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს.

მახაშვილის განცხადებით, ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია, ანუ საკუთარი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სისტემის პატივისცემა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნგრეთის, ახლა კი სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაიკითხა. მახაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალები წლებია ხალხს თავს ახვევენ აზრს, თითქოს ქუჩის ხმაური თავისთავად ცვლის ხელისუფლებას, გამოცხადებული ბოიკოტი პარლამენტს დაშლის, ხოლო პრესკონფერენციები ან რეზოლუციები პოლიტიკურ გამარჯვებად გადაიქცევა.

მახაშვილმა იკითხა, მზად არიან თუ არა „არაკონსტიტუციური ძალები“ ამისთვის. მისი თქმით, განვლილი წლების გამოცდილება აჩვენებს, რისთვის არიან ისინი მზად: არჩევნების ბოიკოტისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის, საკუთარი ხალხის წამებისთვის, ქვეყნის მიწების ოკუპანტისთვის ჩაბარებისთვის, წაგებულ არჩევნებში მარცხის არაღიარებისა და ამომრჩევლის უპატივცემულობისთვის.

მახაშვილის შეფასებით, სერბეთის მაგალითი სინამდვილეში არაკონსტიტუციური პარტიების დესტრუქციული ნარატივის წინააღმდეგ მუშაობს. მისი თქმით, როცა ხალხს ქვეყნის განვითარების გეგმის ნაცვლად მუდმივ ქაოსს, დესტრუქციასა და უსასრულო ბოიკოტს სთავაზობენ, იქ მთავრდება მათი პოლიტიკური ფილოსოფია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ