სამართალი

პენიტენციური სამსახური: გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი არ შესულა

პენიტენციური სამსახური - გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება, 24 - საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის, მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი - თუ ოჯახს სურვილი ექნება, ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხე

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციას, რომ მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

პრესსამსახურის თქმით: „გიორგი ფეიქრიშვილი 24 - საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის. საკანში არის ეს კამერა. მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. ის საკანში მარტო არის. თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს“.

გასულ კვირას დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ვატო ყიფიანი ავთანდილ ბილანიშვილთან (იგივე „კაწრო“) და სხვა პირებთან ერთად საკანში შევიდა დავით ფეიქრიშვილთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის თქმით, დავით ფეიქრიშვილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის მოტეხილობები მიიღო. იგი ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილები თბილისში 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობასა და გამოძალვას უკავშირდება. ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 2026 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს და მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ