ხატიაშვილი: ჩუბინიძის წინააღმდეგ პროკურორის დადგენილება ევროსასამართლოს კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პროკურორის დადგენილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის, ჟურნალისტის, განადგურების მცდელობას წარმოადგენს. ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული.
ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ. მისივე თქმით, ჩუბინიძე საგაზეთო მასალის გამოქვეყნების გამო დააკავეს. ეს მასალა მან რესპონდენტისგან ჩაწერა, ამ უკანასკნელს კი პროკურატურას კითხვები არ გასჩენია იმის შესახებ, საიდან ჰქონდა გაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაცია.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურორები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ჩუბინიძე ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ დაუკავებიათ. ხატიაშვილის თქმით, ასეთი ბრალდება არცერთ ავტოკრატიულ ქვეყანაში არ უნახავს. მისი შეფასებით, რეჟიმმა ყველა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება გადაწყვიტა.
ბრალდების ფორმულირებაში პროკურორი მიუთითებს: „მისი რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ, გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით, დომენტი ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა საქართველოს ტერიტორია - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. აღნიშნული ქმედებით დომენტი ჩუბინიძემ განიზრახა საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ საბოტაჟის განხორციელება, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდება ყველა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას ეხება. მისი თქმით, ამგვარი ფორმულირებით სახელმწიფო უწყებას შეუძლია ნებისმიერი ინტერვიუს შემდეგ განაცხადოს, რომ იგი მუშაობას ხელს უშლის, და ჟურნალისტი სამშობლოს ღალატისთვის დააკავოს. ადვოკატი ამას საშიშ პრეცედენტს უწოდებს.
ადვოკატი ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და „თორგეირ თორგეირსონი ისლანდიის წინააღმდეგ“, მიუთითებს. მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის მისაღებ, ნეიტრალურ ან პოპულარულ მოსაზრებებს, არამედ იმ განცხადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა შოკი გამოიწვიოს, გააღიზიანოს ან შეაწუხოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ხატიაშვილის თქმით, ეს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
განცხადებაში ადვოკატი ახსენებს ნოდარ მელაძის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ჟურნალისტის პროფესიის განადგურების მცდელობას ეხებოდა, და ჟურნალისტებს მოუწოდებს: „გამოფხიზლდით!“
გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს“. ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.











