სამართალი

ბილანიშვილის ადვოკატი: ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა არ მიუყენებია

ბილანიშვილის ადვოკატი: ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა არ მიუყენებია

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის („კაწროს“) ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს დაზიანებები მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაყენა. მისივე თქმით, ბილანიშვილი და ფეიქრიშვილები გლდანის ციხის სხვადასხვა კორპუსში არიან შესახლებული. ადვოკატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

აბესაძე ამბობს, რომ ფეიქრიშვილების დედა ამ საკითხზე არაობიექტურია: „დედა საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დედა ამ შემთხვევაში არის არაობიექტური. მას შეიძლება ემოციამ სძლიოს და ალაპარაკოს მისი ეჭვების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ეჭვებია და არ შეესაბამება სიმართლეს“. ადვოკატის თქმით, რომელ კორპუსში არის ბილანიშვილი და რომელში ფეიქრიშვილები, ამის დამადასტურებელ ცნობებს არ მოიტანს.

აბესაძის განმარტებით, დადგება დრო, როცა ბილანიშვილის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო სარჩელს წარადგენენ. მისი თქმით, ამ საქმეს იძიებენ, მასში ჩართულია გენინსპექცია და სახალხო დამცველის აპარატიც.

ფეიქრიშვილების დედამ და ადვოკატმა ადრე განაცხადეს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა. ადვოკატის თქმით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები და სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა და 19-20 ოქტომბერს კლინიკა „ვივა მედში“ ორჯერ გადაიყვანეს. მისივე განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გიორგი ფეიქრიშვილმაც გადაიჭრა.

25 ოქტომბერს ფეიქრიშვილების დედამ თქვა, რომ მას აცნობეს, ვატო ყიფიანი და სხვები გიორგი ფეიქრიშვილის საკანშიც შესულიყვნენ. ეს ინფორმაცია ფეიქრიშვილის მონახულების შემდეგ არც ადვოკატმა და არც სახალხო დამცველის აპარატმა დაადასტურა.

ძმები ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მათ წინააღმდეგ ახალი საქმეც აღიძრა: 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 15 ოქტომბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე დააკავეს. ყველა მათგანი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაშია.

ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში ედებოდა ბრალი. 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილა მათი მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი ყიფიანი გეგმავდა. 2021 წელს, უკრაინიდან საქართველოში გამოძევების შემდეგ, იგი დააკავეს. ყიფიანის ადვოკატის თქმით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა, რადგან სასამართლომ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ