ფიფია ზურაბაშვილის დანიშვნაზე: ეს პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა

პრორუსი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის, დანიშვნა „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა“. განცხადება მან რუსული მედია Mir-Info-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც ზურაბაშვილის დანიშვნის მნიშვნელობის შეფასება სთხოვეს.
ფიფიას სიტყვებით: „სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ზურაბაშვილი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ინარჩუნებს. ეს მას საშუალებას აძლევს, მაღალი დონის შეხვედრები გამართოს მიხაილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან.“
მისივე თქმით: „სწორედ ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს ახალ დონეზე გადასვლაა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მოსკოვშიც შედგება ვიზიტები და თბილისშიც. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა.“ ფიფია ირწმუნება, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად მიიღო.“ მისი განცხადებით, თბილისის ნაბიჯი რეალური წინსვლაა და დაახლოების შესაძლებლობას ქმნის.
ზურაბაშვილის, როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, დანიშვნა 21 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ირაკლი კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. კობახიძის განმარტებით, ჟენევის ფორმატთან ერთად ამ ამოცანების შესრულებაში სპეციალურ წარმომადგენელს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, ზურაბაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების“ განცხადებით, სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება და ამ პოზიციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა სახიფათო ტენდენციაა. განცხადების ავტორთა შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი შექმნას, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება.











