ფოთში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების თქმით, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლე გაგუდა.
უწყების განმარტებით, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











