ანა წითლიძე საკონსტიტუციოში: 2012 წელს ივანიშვილის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საფუძველი რომ ყოფილიყო, აბსურდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას, განაცხადა, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“ კოალიციური გაერთიანებით მოვიდა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა: თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნებით არ დათმობდა, მათ მაინც აიძულებდნენ ამის გაკეთებას. წითლიძის თქმით, თუ ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად ჩათვლიდა და მაშინდელ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აკრძალავდა, ეს კლასიკური აბსურდი და ორმაგი სტანდარტი იქნებოდა.
მისი თქმით, „როცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა“.
წითლიძემ ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ჩამოთვლილი აქვს არგუმენტები, რომლებიც, მისი აზრით, პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები თვისებრივად ერთიანი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ და საერთო მისწრაფებებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ, რის მაგალითადაც 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა სახელდება.
წითლიძის შეფასებით, თუ მმართველი პარტია პოლიტიკურ ალიანსებსა და ერთიან ოპოზიციურ ფრონტს ანტიკონსტიტუციურ საბოტაჟად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის არსებობა არ სურს და ნებისმიერი ალტერნატიული აზრის კანონის მიღმა დატოვებას ისახავს მიზნად.
მისივე სიტყვებით, „პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია არ არის დანაშაული, დანაშაულია როდესაც მმართველი პარტია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური წარსული და მეთოდები სხვებისთვის კანონს მიღმა გამოაცხადოს“.











