ფეიქრიშვილების დედა: გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედა ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მის შვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. აბრამიშვილმა ეს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია წყარომ მიაწოდა: ბრალდებულ შვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. აბრამიშვილმა დაამატა, რომ დაურეკეს და სთხოვეს, გიორგის მიხედონ.
„გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწონა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
დავით ფეიქრიშვილი ამ დროისთვის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დავით ფეიქრიშვილი ციხიდან ზემო კიდურების დაზიანებით გადაიყვანეს „ვივამედში“. მანამდე, 19 ოქტომბერს, 21:00 საათზე, ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში, შემდეგ კი დაკვირვების მიზნით ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს.
ფეიქრიშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, თავის ქალა და სახის ძვლები. ადვოკატი ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანებები, სხვებთან ერთად, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ მიაყენეს.
კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები თბილისში 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობასა და გამოძალვას უკავშირდება. ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (ე.წ. კაწრო) 2026 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს, მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.











