გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის პოსტი დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურში დაადასტურეს.
პროკურატურამ დღეს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდეს. საქმე პატიმარ დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემას ეხება. პროკურატურაში აცხადებენ, რომ პატარიძის ბრალეულობა გამოძიების ფარგლებში ჯერ გამოკვეთილი არ არის.
უწყების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. განცხადებაში წერია: „სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“.
დავით ფეიქრიშვილი 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მალევე გაწერეს.
ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, ციხის საკანში მის დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“) მიაყენა. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა, ხოლო 19 ოქტომბერს ვენები მის ძმას, გიორგი ფეიქრიშვილსაც გადაუჭრია. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები და სახის ძვლები, თავის ქალაც დაზიანებული ჰქონდა.
პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა, სანამ 20 ოქტომბრის ღამით იუსტიციის სამინისტრომ არ განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს ორ სხვადასხვა საქმეზე: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მათ წინააღმდეგ ახალი საქმეც აღიძრა და 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი [კაწრო] 15 ოქტომბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დააკავეს. ადვოკატის თქმით, ისინი სხვებთან ერთად იმავე საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა. ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის №8 დაწესებულებაშია.
ვატო ყიფიანი წარსულში ძმების ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილა მათი მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი ყიფიანი გეგმავდა. 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში გამოძევების შემდეგ ის დააკავეს. ყიფიანის ადვოკატის თქმით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა, რადგან სასამართლომ ლიკვიდაციის მცდელობაში მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა.











