რუსთავში თაღლითობის ბრალდებით პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა და შემდეგ სხვებზე გაასხვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული წარსულში ამავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა და თანხა სრულად მიიღო. მანქანების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა. მან შეთანხმება დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.
დანაშაულის შედეგად დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











