პუტინი: რუსული გაზის ბაზრიდან გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის გაზის გლობალური ბაზრიდან გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მისი თქმით, რუსეთი გაზის გლობალური ბაზრის მთავარი მოთამაშეა და ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგი აქვს.
პუტინმა აღნიშნა, რომ გაზის მსოფლიო ინდუსტრია ამჟამად რყევებს განიცდის, თუმცა გაზის ფასები შესაძლოა ისევე მკვეთრად დაეცეს, როგორც გაიზარდა. მისი თქმით, ბაზარზე მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხებაა.
„დღეს მთავარი პრობლემა გაზის მიწოდების შეფერხებაა: მოკლე დროში ბაზარს მიწოდების მნიშვნელოვანი მოცულობები მოაკლდა, მაშინ როცა მოთხოვნა კვლავ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ გაზზე უარის თქმით ევროპა თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს.
„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ევროპაში, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმითა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტით თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს“, - აღნიშნა პუტინმა.











