ელისო ჯანაშია: ფოთში ჩემზე თავდასხმის საქმე ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს

ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმე „მის წინააღმდეგ შეაბრუნეს“. მისი თქმით, გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და გამომძიებელი ახლა მას დაკითხვაზე იბარებს. ჯანაშიას თქმით, გამოძიება მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს მის წინააღმდეგ იყენებს.
„ვისაც „ლიმენაში“ ჩემზე თავდასხმის საქმე გახსოვთ და გაინტერესებთ, დაისაჯა თუ არა თავდამსხმელი: არა და ახლა აქეთ მიპირებენ საქმის შემოტრიალებას, თითქოს მე დავსხმივარ თავს!“ – წერს ელისო ჯანაშია.
მისი თქმით, გამომძიებელი რამდენიმე დღეა ურეკავს და დაკითხვაზე მისვლას სთხოვს, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფება.
„როგორც გავარკვიე, საქმე ორად გაიყო: ერთში, თითქოს ჩემზე თავდასხმას იძიებენ, მეორეში – თითქოს მე იქეთ დავესხი თავს. ანუ ჩემს მიერ თავდაცვა ახლა ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს“, – წერს ჯანაშია.
ის ამბობს, რომ თავდასხმა 2024 წლის 23 დეკემბერს მოხდა და თითქმის ორი წლის შემდეგ მას თავის მართლება უწევს იმის გამო, რომ თავდამსხმელისგან თავს იცავდა. „მალე ორი წელი გავა. და რა მივიღეთ? მე მიწევს იმის ახსნა, თავს რატომ ვიცავდი“, – აღნიშნავს ის.
ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმიდან რამდენიმე თვეში ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მასზე თავდასხმაში დადანაშაულებული ქალი საარჩევნო კამპანიაში ჩართო და მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
„როცა ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა. გამოძიებას ამაზე კითხვები აქვს? არ აქვს. მე მაქვს!“ – წერს ჯანაშია.
ჟურნალისტი შესაძლო კავშირს ხედავს თავის ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას შორისაც. მისი თქმით, გამომძიებელმა დაურეკა მას შემდეგ, რაც ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დაიწყო და ამ საკითხებზე გააქტიურდა.
„ალბათ, მეც უნდა ამკრძალონ. ვერცერთ პარტიას ვერ მიმაკუთვნეს და რაღაცას წვალობენ. ახლა, როცა ფოთელი ქოცების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დავიწყე და გავაქტიურდი, გამომძიებელი მე მირეკავს. ამ ამბების კავშირის ადვილად საპოვნელია, თუ ვაჭარაძის და ჩემზე თავდამსხმელის გაბადრულ ფოტოს გავიხსენებთ“, – აცხადებს ჯანაშია.
2024 წლის 23 დეკემბერს ელისო ჯანაშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯანაშიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ კულონავამ თმა ააგლიჯა და სკალპი დაუზიანა, ჟურნალისტს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ჯანაშიას მონათხრობით, კულონავა ოფისში მიზანმიმართულად მივიდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სოციალური საწარმო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იყო დაფუძნებული.











