სამართალი

პროკურორი: ჩუბინიძის ბრალდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება

პროკურორი: ჩუბინიძის ბრალდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად განმეორებითია, ისეთი სახითაა გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და მათ საწინააღმდეგოდ არის მიმართული. პროკურორის თქმით, ბრალდება არ უკავშირდება ჩუბინიძის ჟურნალისტურ საქმიანობას ან რომელიმე მის სტატიას.

ხუბეჯაშვილის განცხადებით, დომენტი ჩუბინიძეს ბრალი ედება სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაგრძელების საფრთხე. სასამართლომ ეს საფრთხე გაიზიარა და ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და ის სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული, მათ შორის ბრალდებულის საჯარო განცხადებები. გამოკითხულები არიან მოწმეები და იკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

ხუბეჯაშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს ჩუბინიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. ამ ეტაპზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს და უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.

პროკურორის თქმით, ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად გამიჯნულია მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. მისივე განცხადებით, ბრალდების მხარეს არაერთხელ მოუსმენია ჩუბინიძის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც საქმეში მტკიცებულების სახითაცაა წარმოდგენილი და რომლებმაც, პროკურორის შეფასებით, არსებითად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები.

„ეს არის მისი მხრიდან, როგორც საჯარო ფიგურის მხრიდან, გაკეთებული არაერთი მიზანმიმართული განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. მისი ბრალდება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას“, - განაცხადა პროკურორმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ