პოლიტიკა

ბოკერია: პარტიების აკრძალვა საზოგადოების სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან შეგუებას ემსახურება

გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმს უნდა რეპრესიული მეთოდებით, თავისი მანიპულაციური პროპაგანდის ნიაღვრით შეაგუოს საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას - პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას

„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპროტესტო აქციის დაწყებისას განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმს რეპრესიული მეთოდებითა და მანიპულაციური პროპაგანდით სურს, საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას შეაგუოს. მისი თქმით, პარტიების აკრძალვაც ამ მიზანს ემსახურება, თუმცა „ეს არ მოხდება“.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანაა საზოგადოებას დაანახონ ალტერნატივა, რათა შეძლონ ისეთი მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, „რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს“.

„ივანიშვილის რეჟიმს უნდა რეპრესიული მეთოდებით, თავისი მანიპულაციური პროპაგანდის ნიაღვრით შეაგუოს საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, კორუფციას, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამდიდრებას მათი მომავლის ხარჯზე, მარტო დარჩენას რუსეთის პირისპირ, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია, კატასტროფას განათლებასა და ჯანდაცვაში, ყველაფერში, რაც ხდება. ჩვენი, მთელი საზოგადოების ამოცანაა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიებისა, ეს არ დავუშვათ. პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას შეაგუოს ხალხი - ეს არ მოხდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და დიდი მსხვერპლი შესწირა იმას, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ეცხოვრა, სადაც მოქალაქეებს ექვემდებარება ხელისუფლება და ძალაუფლება არ არის იმისთვის, რომ ერთი კაცი და მისი გარემოცვა მდიდრდებოდეს შვილების მომავლის ხარჯზე.

ბოკერიამ 28 ნოემბრის აქციაც ამ მიზანს დაუკავშირა. მისი განმარტებით, ამ დღეს ხელისუფლებამ მიიტაცა ძალაუფლება და გამოაცხადა, რომ საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის დაკარგვას შეაგუებდა, რაც დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავს და რასაც შემდეგ რეაქცია მოჰყვა.

„ჩვენი, პოლიტიკური ძალების ამოცანაა, საზოგადოებას დავანახოთ დამაჯერებელი ალტერნატივა იმისთვის, რომ იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება შევძლოთ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს, არსებითად ისე, როგორც ეს მოხდა 36 წლის წინ საბჭოთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა მოვიპოვოთ ვითარება, როცა თავისუფალი არჩევნები შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ